29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
პარლამენტი ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას - ოპოზიცია მასში რისკებს ხედავს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეპიდსიტუაციის მართვა გამარტივდება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები პანდემიის გამო უნდა შევიდეს. საუბარია საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, რის მიხედვითაც მთავრობას კანონით ექნება შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ეპიდსაშიშ ზონაში შეზღუდვები დააწესოს.

პროექტი ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. "კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში კი საუბარია იმ უფლებამოსილებებზე, რაც მთავრობას ცვლილებების მიღების შემთხვევაში მიენიჭება.

საპარლამენტო ოპოზიცია უკვე საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვეს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას, დამატებითი უფლებების მინიჭების შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან მის არამიზნობრივ გამოყენებაზე ამახვილებენ.

საკანონმდებლო ცვლილებებს არ იცნობენ არც დამოუკიდებელი დეპუტატები. მათთვის გაუგებარია, რაში სჭირდება მთავრობას კანონმდებლობაში ცვლილებები, რადგან, მათი თქმით, პარლამენტი სწორედ იმისთვის არის, რომ ყოველ ჯერზე შეზღუდვების დაწესება მისი საჭიროებიდან გამომდინარე განიხილოს.

უმრავლესობაში კანონმდებლობაში ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს მთავრობას ეპიდსიტუაციის უკეთ მართვის საშუალებას მისცემს, თან ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვების დაწესებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ დასჭირდება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. ბიუროზე განისაზღვრება წამყვანი კომიტეტიც. ცვლილებებზე დეპუტატები დაჩქარებული წესით იმსჯელებენ და განხილვაც 22 მაისამდე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება კანონპროექტის კენჭისყრას, პარლამენტმა მას მხარი პირველივე სასესიო კვირას უნდა დაუჭიროს.

დღის ამბები