29 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ზუგდიდში ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის ოჯახის 3 წევრს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს, COVID-19 დაუდასტურდა

ზუგდიდში ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამივე მათგანს - ბებიასა და ორ არასრულწლოვანს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან რუხის კლინიკაში გადაიყვანენ.

კარანტინშია ინფიცირებული მამაკაცის 7 კონტაქტიც, 8 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. რაც შეეხება თავად ინფიცირებულ მამაკაცს, როგორც დაავადებათა კონტროლის სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ "კურიერს" უთხრა, მან გადაზიდვა ბოლნისშიც განახორციელა.

ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ. მამაკაცი კი რუხის კლინიკიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მას, ექიმების განმარტებით, ფართო ლაბორატორიული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება, რაც მხოლოდ აღნიშნულ დაწესებულებაშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ახალგაზრდა კაცს, რომელიც ტრაილერის მძღოლია და თვითიზოლაციის შემდეგ შიდა გადაზიდვებზე მუშაობდა, კორონავირუსი დღეს დილით დაუდასტურდა.

დღის ამბები