ზურა აფხაზის აქამდე უცნობი ნამუშევრები კრწანისში, ღია ცის ქვეშ დედიკა გალერეის არტ-რეზიდენციის ტერიტორიაზე გამოიფინა. მხატვრის 20 წლის წინ დახატული სერია, მსოფლიოში მიმდინარე უახლოეს მოვლენებს პირდაპირ ეხმაურება. ზურა აფხაზი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია და ეს ექსპოზიცია სახელწოდებით - "ჩვენ, ადამიანები" არტ-რეზიდენციის ეზოში დამთვალიერებელს 18 მაისიდან ელოდება.
ექსპოზიციის დათვალიერება ეზოში და ღია ცის ქვეშ არის შესაძლებელი, მხოლოდ 3 ადამიანისთვის და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. უფრო მეტი სიფრთხილისთვის გამოფენისთვის თვალის შევლებას საკუთარი ავტომობილიდანაც კი შეძლებთ.
გამოფენას, რომელიც 18 მაისს იხსნება, ზურა აფხაზი არ დაესწრება. მუდმივად ანდერგრაუნდში მყოფი არტისტი, უმეტეს დროს საკუთარ სოფელ ქვახვრელში ატარებს და თბილისურ საზოგადოებას იშვიათად ენახება, ამ ეტაპზე კი, კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმაზეც უარს ამბობს.
ზურა აფხაზი საკუთარი განსაკუთრებული ტექნიკით მუშაობს, ჭვარტლით ხატვა და მრავალშრიანი შავი ფერი მნახველისთვის ნამდვილი მოგზაურობაა.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი