29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ არის ის, რომ ვაგრძელებთ ხაზს ევროპისკენ - ალექსანდრე მოწერელია უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაწყებულ უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას სამარცხვინო პროცესს უწოდებს. ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრა.

"ჩვენ ყველანი ვართ მოწმე იმ სამარცხვინო პროცესის, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი სამწუხაროდ ეწევა ჩვენს შიდა ტერიტორიაზე. საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, აფხაზეთი კი არის მისი განუყოფელი ნაწილი, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები და არ არიან ისინი რუსეთის "მზრუნველობის" ქვეშ - არ სჭირდებათ მათ არანაირი მზრუნველობა, ვინაიდან ჩვენ, საქართველო, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვიჩენთ პასუხისმგებლობას და ყველას ჩვენივე სახელმწიფოში აქვს თავისუფალი, როგორც გადაადგილების, ასევე მოქმედების უფლება. ასევე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ დღეს, როდესაც უჭირს მთელ მსოფლიოს ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ თითოეული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, მივიღოთ, ვუმკურნალოთ შევიფაროთ - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

ის სამარცხვინო პროცესი, რაც დღეს მიდის და აქ ცვლიან, ასე ვთქვათ დამპალ ბოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზსაც ისევე მალე ჩვენ ვერ ვიხილავთ, როგორც ვერ ვიხილავთ იმას, რომ რუსეთი ეწევა თავის სანუკვარ მიზანს - საქართველოს გახლეჩვის და გაყოფის.

ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გამთლიანება იქნება ძალიან მალე. ჩვენ ვიქნებით ამისი მოწმე, თანამონაწილე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, რომელსაც დღეს ეკრძალება თავის თანამოძმეებთან ურთიერთობა, ყველა ეს ადამიანი იზეიმებს იმ დღეს, როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე - როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. ამდენად ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს ევროპისკენ, იქ, სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული. კონკრეტულად მიმდინარეობს სამარცხვინო პროცესი, აი, ამ ე.წ. საოკუპაციო მავთულხლართების გამაგრების პროცესი," - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

დღის ამბები