29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც - ანდრიუს კუბილიუსმა "კურიერის"კითხვებს უპასუხა

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა  ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ერთ-ერთი მწვავე განცხადების ავტორია, დღეს "კურიერის" კითხვებს უპასუხა. ევროპელი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ სასამართლოს პოლიტიზირების შესახებ კითხვები არ უნდა არსებობდეს

"საქართველოს პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი, რაც ნამდვილად ხსნის ღია და ნათელ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს ორივე მიმართულებით, არ უნდა იყოს სასამართლო პოლიტიზებული და საარჩევნო სისტემა უნდა გახდეს მეტად პროპორციული, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც დაგვანახებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიაში პროგრესია.

ჩვენ, ცხადია, ჯერ კიდევ ვაკვირდებით რამდენიმე საკითხს, არ უნდა არსებობდეს სასამართლოს პოლიტიზების შესახებ შეკითხვები, მე ვფიქრობ პანდემიის დასრულების შემდეგ პარლამენტი შეიკრიბება და მხარს დაუჭერს ამ შეთანხმებას და კონსტიტუციაში ცვლილებები შევა. მომავალი არჩევნები, რომელიც ოქტომბერში იგეგმება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც.

რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაზეც მოხდა შეთანხმება ის უნდა შესრულდეს. საქართველოს პრეზიდენტს ძალიან მკაფიო გაგება აქვს ევროპული სტანდარტების და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება," - აცხადებს ევროპელი პოლიტიკოსი.

ანდრიუს კუბილიუსი უკვე ესაუბრა გიგი უგულავას. საუბარი ვირტუალურად შედგა და როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, მსჯელობის საგანი ქვეყანაში დემოკრატიის და მრავალპარტიულობის გაძლიერებაზე იყო.

დღის ამბები