COVID ინფიცირებულ ტრაილერის მძღოლს, რომელიც რუხის კლინიკაში მკურნალობს, ორმხრივი პნევმონია აქვს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკა ქარცივაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"არის საშუალო ასაკის მამაკაცი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ საყურადღებოა. იმიტომ, რომ მთელმა რიგმა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა ცხადყო პერიოდული პრობლემები. პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, სტაბილური რჩება და გრძელდება კვლევები," - ამბობს ქარცივაძე.
ზუგდიდელ მამაკაცს კორონავირუსი წუხელ გვიან ღამით დაუდგინდა. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში იკვლევენ. გარდა ამისა, საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი ინფიცირებულის ოჯახის წევრები, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.
მამაკაცი ერევნიდან 17 აპრილს ჩამოვიდა, თვითიზოლაციის პერიოდის შემდეგ კი, მან შიდა გადაზიდვები განახორციელა, სიმპტომები 9 მაისს გამოუვლინდა და სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე 5 COVID დადებითი პაციენტი რჩება, მათგან სამი თეთრიწყაროს კლასტერის წევრია, ერთი კი შუახნის ქალი თურქეთში მოგზაურობის ისტორიით.