29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ჩემი აზრით, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალების შესახებ, არასწორია. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და პრეზიდენტმა ის დამოუკიდებლად მიიღო. 

"მგონია, რომ ეს იყო პრეზიდენტის მოტივაცია, რომ მან მიიჩნია, მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, სპეკულაციური პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა ეს რადიკალური ოპოზიცია. თუმცა ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე, ასე არ მოვიქცეოდი მის ადგილას, რადგან საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ ხელში აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას.

მაგრამ პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, მისი საქმეა, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს არის მოცემულობა, რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ შემთხვეევაში სპეკულაციების მეტი საფუძველიც მიეცეთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, თუმცა ერთია პრაგმატულობა და რამდენად სწორია პრაგმატულობაზე გათვლა და მეორეა რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს ორგანიზებასა და მონაწილეობაში პარლამენტზე შტურმისა.

მე დღეს ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა მისი გადაწყვეტილების მოტივაცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები