29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
იტალია მიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და შრომის უფლებას აძლევს - მათ შორის ასეულობით ქართველი არალეგალიც არის

იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც მოხუცები ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში არ მიატოვეს, არალეგალები აღარ იქნებიან.

იტალია მიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და შრომის უფლებას აძლევს. მათ შორის იქნება ათასობით ქართველი, რომლებიც წლებია იტალიაში იმყოფებიან, თუმცა ლეგალური მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტები არ აქვთ.
რომში გადაწყვეტილება კორონავირუსის მიერ დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის მიიღეს.

მარიკა კუბლაშვილი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტია. უკვე 8 წელია სამსახურში მიმავალ გზას შიშში გადის, რადგან მილანში არალეგალურად მუშაობს და შემოწმების შემთხვევაში მას საქართველოში დეპორტაცია მოუწევს. ამ წლების განმავლობაში ის სამშობლოში მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, ბოლო შვიდი წელია მას მეუღლე და შვილები აღარა უნახავს.

ემიგრანტი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მას მილანში მუშაობა არც პანდემიის პირობებში შეუწყვეტია და მოხუცებულის მოვლას განაგრძობდა. იმის გამო, რომ მან იტალიის რესპუბლიკა ქვეყნისთვის უმძიმესი დღეების მიუხედავად არ მიატოვა, მთავრობამ ლეგალურად მუშაობისა და გადასახადების გადახდის ნება დართო.

მარიკას მსგავსად იტალიაში ცხოვრობს ლია პაპუაშვილიც, რომელმაც საქართველოში 2 შვილი და მეუღლე დატოვა. კორონავირუსის გამო მისმა მეუღლემ საქართველოში სამსახური დაკარგა და ქალი იძულებული გახდა მილანში სამუშაოდ დარჩენილიყო. ე.წ. ამინისტიის საფუძველზე, იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, არალეგალი მიგრანტებისთვის მუშაობის უფლება მიეცა. სხვა ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იტალიაში მუშაობა, ცხოვრება და გადაადგილება კანონდარღვევა აღარ იქნება.

ყველა მიგრანტი, ვინც პანდემიის დროს იტალია არ დატოვა, ქვეყანაში 6 თვიანი მუშაობის უფლებას მიიღებს, 6 თვის შემდეგ კი ამ ვადის გაგრძელება რთულ პროცედურას აღარ წარმოადგენს. საბუთს ყველა ის პირი მიიღებს, ვინც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე შევიდა და მუშაობდა, არალეგალებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და ცნობა სამსახურის ადგილიდან.

გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას ის ადამიანებიც მიიღებენ, ვინც კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩა, მათ მთავრობა სამსახურის საპოვნელად 6 თვიან ვადას აძლევს. თუმცა ეს ე.წ. ამინისტიის კრიტერიუმების სრული ფორმაა არ არის და იტალიის მთავრობა მას ამ დრომდე ამუშავებს.

იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის ფარგლებში მიიღო, რომელიც 59 მილიარდ დოლარს მოიცავს და ეკონომიკაზე კორონავირსის გავლენის შემსუბუქებას ემსახურება. 

დღის ამბები