29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ ყოფნა პოლიტიკაში - ირაკლი კობახიძე

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების - გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, "ქართული ოცნების" ოფისში განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტს არ ეთანხმება და არ მიიჩნევს, რომ "ორი კრიმინალის" ციხეში ყოფნა ქვეყანას რაიმე კუთხით პრობლემას შეუქმნიდა.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შესვლის მოსურნე ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას.

თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი ქვეყნიდან არის გაქცეული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ შემოდგომაზე პოლიტიკური ვირუსიც დამარცხდება.

"ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსი პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები