29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
რა კითხვებზე მოუწევს პრემიერს პასუხის გაცემა - გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით ელოდებიან

სიღარიბე, მისი დაძლევის გზები და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერისგან პასუხებს ელოდება. კითხვები ადრესატისთვის უკვე გაგზავნილია, პოლიტიკური ტემპერატურა კი საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მოიმატებს. სწორედ ამ დროისთვის ელოდებიან ოპოზიციონერი დეპუტატები მთავრობის მეთაურს პარლამენტში.

პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები ჯერ კიდევ იმ დღიდან ითხოვენ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა. როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან? - ამ კითხვაზე პრემიერისგან პასუხის მოსასმენად ფრაქცია "ევროპულ საქართველოშიც" ემზადებიან.

მმართველ პარტიაში ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულეს. "ქართული ოცნების" ლიდერებმა განმარტეს, რომ პრემიერი წლიური ანგარიშით პარლამენტში ისედაც მიდიოდა, თუმცა ერთი თვით ადრე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით ის მაინც დაიბარეს. მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებს მიაჩნიათ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პანდემიის პირობებში ყველა გამოწვევას შესაბამისად უპასუხეს.

დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ-მინისტრი პირველად, სავარაუდოდ, 29 მაისს უპასუხებს. ამას რეგლამენტი ავალდებულებს. წლიური ანგარიშის წარსადგენად მთავრობის ხელმძღვანელს საკანონმდებლო ორგანოში მეორედ მისვლაც მოუწევს. ამჯერად უკვე ივნისში. როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის პირობებში? - ამ საკითხზე ცალკე ანგარიშით გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე, შესაძლოა, მესამეჯერად წარდგეს. მთავრობის მეთაურმა დღეს განაცხადა, რომ ისიც და მისი კაბინეტის ყველა წევრი მზად არიან,  ყველა კითხვას უპასუხონ.

პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კვირაში ელოდებიან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდება, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

დღის ამბები