29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს USAID-ის მხარდაჭერით საველე კარვები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა.

კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და RDFG კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის უფროსი ვანო გრიგოლაშვილი ესწრებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მიმართულებით, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტულია. მეხანძრე-მაშველები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და საველე სწავლებებში. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა არაერთი პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გააძლიერა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. უახლოეს მომავალში, RDFG-ის მეშვეობით, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო კიბის გადმოცემა. 

დღის ამბები