29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
საქართველო მსოფლიო ტურიზმში უსაფრთხო ქვეყნის სახელით ბრუნდება - პირველი "მწვანე დერეფანი" ისრაელთან გაიხსნება

ეპიდემიასთან გამკლავებაში წარმატება საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლოა ბენეფიტების მომტანი გახდეს. ისრაელმა, რომელსაც საქართველოსთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, ჩვენს ქვეყანას 7 სხვა სახელმწიფოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელისთვის საქართველო არის ადგილი, სადაც მისი მოქალაქეებისთვის სტუმრობა უსაფრთხო იქნება.

მეგობარი ქვეყნების თითქმის 10 დღიანი მოლაპარაკება პოლიტიკური შეთანხმებით დასრულდა. საქართველომაც და ისრაელმაც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ორმხრივი მწვანე დერეფანი გახსნან და ერთმანეთის მოქალაქეებს უსაფრთხო გარემოში უმასპინძლონ. ისრაელში საქართველოს ელჩის თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყნებს შორის საზღვრების გასახსნელად, საწყისი ბაზა უკვე მომზადებულია. თუმცა პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, მხარეები კვლავ განაგრძობენ ინფორმაციის გაცვლას. მონაცემები ტექნიკური ხასიათისაა, რაც როგორც ინფიცირების, ასევე ტესტირებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ტექნიკური მონაცემების გაცვლის პარალელურად, ქვეყნები უცხოელი სტუმრების მიღებაში ჩართული სხვადასხვა რგოლის მუშაობის სტანდარტების პროტოკოლზეც მუშაობენ.

ისრაელი, სავარაუდოდ, პირველი იქნება, ვისთანაც საქართველო მწვანე უსაფრთხო დერეფანს შექმნის. ასეთი ორმხრივი კორიდორის გახსნაზე შესათანხმებლად ოფიციალური თბილისი მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებს. პროცესში ჩართულია თითქმის ყველა უწყება. კონკრეტული დავალებები აქვთ ელჩებსაც. საქართველოს ამბიციაა, რომ ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ტურიზმის სექტორს გააცოცხლებს.

ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ტურიზმის ამოქმედებისთვის საჭირო საკითხებზე პრემიერთან დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. უსაფრთხო დერეფნების შექმნის გარდა, როგორც შეხვდრის დასრულების შემდეგ განმარტეს, საუბარი ტურისტულ მწვანე ზონებისა და ტურიზმის სექტორის სხვადასხვა შემადგენელი რგოლის მუშაობის სტანდარტებსაც შეეხო. კონკრეტული დეტალები, მაგალითად, რა რეგულაციებით უნდა იმუშავოს სასტუმრომ, ჯერ არ დაკონკრეტებულა. დაანონსდა, რომ ახალი წესები მომავალ კვირას გასაჯაროვდება.

ქვეყნებთან საზღვრების გახსნის, უსაფრთხო დერეფნების შექმნისა და ტურისტული მწვანე ზონების განსაზღვრაზე საუბრის გარდა, მთავრობაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიებთანაც. ოფიციალური ინფორმაციით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინონ ფრენები. ოფიციალური თბილისი, უახლოეს მომავალში, ცალკეული კომპანიების მხრიდან ფრენების დეტალური განრიგის გასაჯაროვებასაც აანონსებს.

უცხოელი სტუმრებისთვის ქვეყნის საზღვრები 1 ივლისს გაიხსნება. მანამდე, 15 ივნისს კი ახალი სტანდარტებით შიდა ტურიზმი ამოქმედდება. როგორი იქნება ახალი წესები და როგორ უნდა გააგრძელოს ინდუსტრიამ მუშაობა, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

დღის ამბები