29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
სოციალური სიდუხჭირის გამო ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანა კანონდარღვევაა - არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვილის საქმეზე

სოციალური მომსახურების სააგენტო სახელწიფო მინდობაში მყოფი ჩვილის მშობლების ბრალდებებს პასუხობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ბავშვი არ გაუშვილებიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მოხდა. აბობიანების ოჯახი ჩვილის დაუყოვნებლივ დაუბრუნებას ითხოვს. პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ჩაერთო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვი ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია გადაყვანილი და ბავშვთა უფლება დამცველებისთვის გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ტერიტორიულად ასე შორს გაეყვანათ ბავშვი, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახს აქვს უფლება, რომ სახელმწიფოს ზრუნვაში გადაყვანილი ბავშვი მოინახულოს გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ.

ამასთანავე მათთვის ზოგადად გაუგებარია ის მიზეზები, რის გამოც ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში დროებით გაყვანა გახდა საჭირო და ამბობენ, რომ ჯერჯერობით ეჭვქვეშ დგას ის საკითხი, ხომ არ გაიყვანეს ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმიტომ, რომ ოჯახს სოციალური პირობები არ გააჩნდა.

"სამწუხაროდ გუშინდელ შეხვედრაზეც ვერ მოვახერხეთ, რომ მიგვეღო ეს დასაბუთებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც ჩვენთვის ცხადი იქნებოდა სახელმწიფოს არგუმენტები. ველოდებით ამგვარი სამართლებრივი დოკუმენტის გადმოცემას.

მინდობით აღზრდაში იმყოფება დასავლეთ საქართველოში, რაც ცალკე აღებული პრობლემაა იმიტომ, რომ ბავშვის ასეთი ტერიტორიული დაშორება არ არის მისთვის საუკეთესო ინტერესი იმიტომ, რომ პრაქტიკულად შეუზღუდეს ბავშვსაც და მშობელსაც ერთმანეთთან კომუნიკაცია.

სოციალური სიდუხჭირის გამო ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანა დაუშვებელია. ეს არღვევს ბავშვის უფლებათა კონვენციას და რეალურად ყველა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამ დროს სახელმწიფოს ბავშვის გაყვანის მაგივრად ოჯახი უნდა გაეძლიერებინა," – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.

ბრალდებებს დღეს ტრეფიკინგის სააგენტოში უპასუხეს. სოციალური მუშაკი "კურიერთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა კვლავ გრძელდება. ამასთანავე მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ბავშვის გადმოყვანა თბილისში მოხდეს, თუმცა ამისთვის გარკვეული პროცედურები არის საჭირო. საუბარია ოჯახის მონიტორინგის პროცესზე. ხდება იმ რისკების შესწავლაც, რომელიც ჩვილი ბავშვის დედ-მამიშვილებს ეხება, რომლებიც ამ დრომდე მშობლებთან ერთად იზრდებიან.

"რა თქმა უნდა აქვს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის ნახვის უფლება მშობელს, თუმცა არის გარკვეული პროცედურები. ჯერ კიდევ 1 მაისს პირადად ჩემს მიერ და სოციალური მუშაკის მიერ მას მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რის შესახებაც არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც," - განაცხადა ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო ბუჩუკურმა.

დღის ამბები