29 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
მიზანმიმართული პროვოკაციის მცდელობა თუ უბრალო უზუსტობა - ონლაინპლატფორმა "ტიკტოკი" სკანდალში ეხვევა

"ტიკტოკი" - ხუმრობების ონლაინპლატფორმა არასახუმარო სკანდალში ეხვევა. ჩინურ სოციალურ ქსელში, რომელსაც ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენიებული. ფაქტი ცალსახად მიუღებელია, თუმცა მასში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავენ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები. ბლოგერი გიორგი ჯახაია ამბობს, რომ ვირტუალურ სივრცეში მსგავსი უზუსტობები სიახლე არ არის და მათი აღმოფხვრა დროულად ხდება.

მიზანმიმართული პროვოკაციის მცდელობას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში. თეონა აქუბარდია ამის მთავარ ფაქტორად ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობას ასახელებს და ამბობს, რომ ოფიციალური პეკინი ცალსახად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებას აპლიკაციის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ანალოგიური ტიპის პრობლემები თავს თითქმის ყოველ წელს იჩენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო მოხსენიებული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად "ეარბიენბისა" და "ბუკინგის" ვებგვერდებზე. კიდევ ერთი გახმაურებული სკანდალი უკავშირდება კომპანია "იანდექსს",  რომელსაც საკუთარ აპლიკაციაში ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნუსხაში ჰყავდა შეყვანილი. ტექნიკური უზუსტობები საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევიდან მალევე აღმოიფხვრა.

ეს არ არის ერთადერთი სკანდალი, რომელშიც ჩინური სოციალური პლატფორმა შექმნიდან მალევე გაეხვა. კომპანიის წინააღმდეგ შეტანილია ათეულობით ათასი სარჩელი პირადი მონაცემების უკანონოდ მითვისების გამო. არანაკლებ სერიოზულ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას ადამიანის და ბავშვთა უფლებათა დამცველები. სახალისო ვიდეოების გადაღების დროს დაფიქსირებულია ათეულობით უმძიმესი ტრავმა და უბედური შემთხვევაც კი. თუმცა ამ შინაარსის ამსახველი მასალა "ტიკტოკის" მხრიდან არ იბლოკება.

დღის ამბები