29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
8 მარტის შეთანხმება და ევროპარლამენტარების განცხადებები - "პოლიტიკური პატიმრები" დღეს კიდევ ერთმა უცხოელმა კანონმდებელმა ახსენა

ვიოლა ფონ კრამოდი "ქართულ ოცნებას" 8 მარტის შეთანხმებას წერილობით ახსენებს და მისი შესრულებისკენ მოუწოდებს. ევროპელმა დეპუტატმა განცხადება საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წევრის კრიტიკის მთავარი სამიზნე სასამართლო სისტემაა. 

8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი. კოლეგასთან შედარებით, "ევროპის სახალხო პარტია-ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენელი მიხაელ გელერი გამოთქმებში უფრო რადიკალურია. მან ტერმინი "პოლიტიკური პატიმრები" გამოიყენა.

ევროპელი დეპუტატების ტონის გამკაცრებას ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების პოლიტიკას აბრალებენ. ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ოპოზიციისთვის 8 მარტს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გადის.

უმრავლესობა კონსტრუქციულობაზე საუბრობს. გია ვოლსკის კონკრეტული ევროპარლამენტარ გელერის პოზიცია არ უკვირს. ვიცე სპიკერი ევროპელ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირედ იხსენიებს.

ევროპარლამენტარების განცხადებებისა და "ტვიტების" შემდეგ "ტაბულამ" გამოაქვეყნა წერილი, რომლის ავტორიც უმრავლესობის დეპუტატი დავით სონღულაშვილია. გამოცემა წერს, რომ ეს იყო დასავლელი პოლიტიკოსების მისამართით გაგზავნილი წერილი, სადაც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს მიმართავდა და მოუწოდებდა, საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი კონკრეტულ გვარებზე არ ყოფილა.

უცხოელ პარტნიორებთან მიმოწერას ადასტურებს დავით სონღულაშვილი. ამბობს, რომ ასეთი კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამუშაო ფორმატია და ხშირი ხასიათი აქვს. "ქართული ოცნების" დეპუტატი წერილის შინაარსაც განმარტავს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტის წევრებს არჩილ თალაკვაძის ოფიციალური ბრიფინგის ტექსტი გაუგზავნა.

კომუნიკაციას ევროპელ კოლეგებთან, სავარაუდოდ, მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ისევ აქტიურად გააგრძელებენ. ერთ-ერთი მთავარი თემა კი ისევ 8 მარტის შეთანხმების შესრულება იქნება.

დღის ამბები