29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - რატომ წავიდა საგამოძიებო უწყება უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმებაზე

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპოლთან ერთად, დანაშაულებრივი სქემის უცხოელი და ქართველი თანამზრახველები დააკავა. ბრალდებული 22 პირიდან ყველას 17-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, 10 ბრალდებული ციხეს პროკურატურის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე დატოვებს.

მასშტაბური სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ორ ეტაპად ჩაატარეს. საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი გოგონებს დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები, პორნოგრაფიული ხასიათის მასალის რეალიზაციის მიზნით, სისტემატიურად იღებდნენ. დაკავებულთა შორის არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგებიც არიან. პროკურატურის შეღავათი შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე კარლ უილიამსსაც, რომელიც, ქართული გამოძიების საქმის მასალებში, სქემის ორგანიზატორად არის მოხსენიებული. მას საგამოძიებო უწყება 10-წლიან პატიმრობას და 20 ათას ლარიან ჯარიმას სთავაზობს.

საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 7 წელს გაატარებს კარლ უილიამსის მარჯვენა ხელი და თანამზრახველი ქალიც. მას მეუღლესთან ერთად გამოძიება ტრეფიკინგს და პორნოგრაფიაში საკუთარი შვილების ჩართვას ედავება. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. მათი ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ დაკავებული გამოძიების ოქროს მოწმეა და შესაბამისად, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება საკუთარი ინიციატივით შესთავაზა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 5 წელს გაატარებს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კიდევ ერთი ცოლ-ქმარი. გამოძიება მშობლებს ტრეფიკინგის ორგანიზებას და დანაშაულში საკუთარი შვილების თანხის სანაცვლოს ჩართვას ედავება. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია აქვთ ახლობლებსაც.

რატომ, ან რის სანაცვლოდ წავიდა საგამოძიებო უწყება უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმებაზე - ამის შესახებ საკუთარი ვერსია აქვთ სხვა ბრალდებულების ადვოკატებს.

ადვოკატების ინფორმაციით, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, ხვალ მოაწერენ. რატომ აფორმებს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ პირებთან გენერალური პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას, ამის შესახებ შოთაძის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები