29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
არის თუ არა რისკი, ტურისტულ სეზონზე კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდოს - პაატა იმნაძის თქმით,  მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტურისტული სეზონის რისკები არსებობს, თუმცა მისივე თქმით, იმ პერიოდში როდესაც ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ გამკაცრდება რეკომენდაციები, რაც ხელს შეუშლის კორონაინფექციის ქვეყანაში შემოტანას.

"არსებობს ტურისტული სეზონის რისკები. დღეს მსოფლიოში კონკურენციაა, თუ ვინ დაასწრებს გახსნას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ უსაფრთხო იმიჯის ქვეყანა ვართ, აქედან გამომდინარე, ამას უნდა გამოყენება, რაც აბსოლუტურად კონტროლირებადი უნდა იყოს.

ამისთვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ყველაფერი გაკეთდება, რომ ქვეყანაში შემომსვლელი ნებისმიერი ტურისტი იყოს მაქსიმალურად დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რათა მან არ შემოიყოლოს კორონაინფექცია,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით კი, საზღვაო სეზონზე სასტუმროებში სისუფთავის წესების დაცვა კიდევ უფრო გამკაცრდება.

"ჩვენ გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციები, ჩვეულებრივ, სასტუმროებში ჰიგიენური ნორმები დაცული უნდა იყოს, თუმცა ეს ყველაფერი უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს და გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები სასტუმროების შიგნით თავშეყრის შესახებ, რომელიც შეზღუდული უნდა იყოს,"- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა. 

დღის ამბები