29 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
8 მარტის სადავო შეთანხმება - ორთვიანი პაუზის შემდეგ ოპოზიცია კონსულტაციების განახლებას იწყებს

ორთვიანი პაუზის შემდეგ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს.

შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეაგირებაც ადეკვატური იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. დიდი ალბათობით, მმართველი პარტია, სურვილის შემთხვევაში, მის მიღებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების გარეშეც შეძლებს. მიუხედავად ამისა ხელისფულება ცვლილებების ჩავარდნის საფრთხეზე საუბრობს - მხარეები პასუხიმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

"პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა იმიტომ რომ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა ორივე კომპონენტს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

"ამ შეთანხმების ნაწილობრივი შესრულება უბრალოდ არ არსებობს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უცნაურს უწოდებს "ქართული ოცნების" ქმედებებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე და აცხადებს, რომ ოპოზიცია კონსოლიდირებული რჩება და ხელისუფლების ოპონენტები შეიმუშავებენ სტრატეგიას, რათა აიძულონ "ქართულ ოცნებას" დაპირების შესრულება.

პარლამენტის თავმჯდომარე მუქარად აფასებს ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება და მას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

"ვერცერთი პარტია ვერ მისცემს დავალებას სასამართლოს, ვინ დააპატიმროს და ვინ გაათავისუფლოს, შესაბამისად სწორედ ეს მოთხოვნა, რომ ჩვენ ან ვინმე ჩაერიოს მართლმსაჯულების კომპეტენციაში, ზუსტად ეს არის შეთანხმების დარღვევა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები