29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
არანაირი ფორმით, არც ზეპირსიტყვიერად, არავის წინაშე პირობა არ მიგვიცია დასახელებული სამი პირის გათავისუფლებაზე - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში არც ერთი პატიმრის გათავისუფლების პირობა არ დაუდია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, სასამართლოს მსგავსი დავალება მისცეს. 

"ჩვენ არანაირი ფორმით, არავის წინაშე პირობა არ მიგვიცია, დასახელებული სამი პირის, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ, გათავისუფლებაზე. ეს არ და ვერ იქნებოდა შეთანხმების საგანი. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მისცემს დავალებას, ვინმე გაათავისუფლოს ან ვინმე დააპატიმროს. ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლო ინსტიტუტები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ყოველი რაუნდისას ითხოვდა ამ პირობის შესრულებას, მმართველი გუნდი მათ არც ერთხელ არ დათანხმებია. 

"თითქმის ყველა შეხვედრაზე ოპოზიცია და განსაკუთრებით, რადიკალური ნაწილი აყენებდა საკითხს უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას შესახებ. ოთხივე მოლაპარაკებისას გაჟღერდა ეს თემები, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში მიიღეს ჩვენგან მკაფიო პასუხი, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება არ და ვერ იქნებოდა ამ შეთანხმების ნაწილი.

რაც შეეხება ელჩებს, ბუნებრივია, ელჩები აქ ვერანაირ პოზიციას ვერ დააფიქსირებდნენ და არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ელჩი არ და ვერ გახდება იმ შეთანხმების ნაწილი, სადაც პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან თეორიულად, რომ დავალებას მისცემენ სასამართლოს ან პროკურატურას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომელთა დასაცავად არიან ეს ელჩები საქართველოში ჩამოსული და რომელზეც დგას მათი ქვეყნების დემოკრატია. 

ზეპირსიტყვიერი პირობაც, რასაკვირველია, არ ყოფილა. გეუბნებით, შეთანხმება არის ჩაწერილი, ყველაფერი წერია ტექსტში, ტექსტის იქით არანაირი პირობა ჩვენ არ მიგვიცია,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები