29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობაში - გამოყოფილი 300 მლნ ლარის ბენეფიციარი დაახლოებით 200 ათასი ფერმერია

ხელისუფლებამ დღეს სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. გამოყოფილი 300 მილიონი ლარის ბენეფიციარი დაახლოებით 200 ათასი ფერმერია. ხელისუფლება სოფლის მეურნეობის დახმარებისკენ საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწოდებს და საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეძენას ურჩევს.

თხილის პლანტაციებს რომლებიც 12 ჰექტარზეა გაშენებული კოდუების ოჯახი წლებია ფლობს. ოჯახურ მეურნეობას ახლა 27 წლის მარიკა კოდუა უვლის. დამხმარეებს სეზონურად მიმართავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსავალია ასაღები. დანარჩენ პერიოდში პლანტაციას თავად უვლის. მეურნეობის მოსავლელად ყველაზე დიდი ხარჯი საწვავზე მოდის. 12 ჰექტრის დასამუშავებლად წელიწადში დაახლოებით 2 ტონა დიზელი სჭირდება, რაც საშუალოდ 5000 ლარი უჯდება. წლიურად თითქმის 500 ლარს იხდის სარწყავ წყალში.

სარწყავი წყლის ხარჯი ფერმერების საზრუნავი აღარ იქნება. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საირიგაციო საფასურისგან 20 წლით 42 ათასი ბენეფიციარი გათავისუფლდება. ფერმერებს ხარჯი შეუმცირდებათ საწვავის ნაწილშიც. ახალი პროგრამის მიხედვით, ისინი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ აგრო დიზელს საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფად მიიღებენ. შეღავათი ეხება როგორც წვრილ და საშუალო, ასევე მსხვილ ფერმერებს. თუმცა, განსაზღვრულია ზედა ზღვარიც: 100 ჰექტარი. პრემიერმა პირობა დადო, რომ აგრო საწვავის შეღავათიანი ფასით ყიდვა ფერმერებს გრძელვადიანად შეეძლებათ.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია დღეს შედგა. პროგრამა, რომელიც "ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე" - ამ სახელწოდებით დაანონსდა, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. გეგმის მიხედვით, იმ ფერმერებს, რომელთაც სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო ამ სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს გამოუყოფს - მაქსიმუმ 50000 ლარის ოდენობით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მცირე მიწიანი ფერმერების დახმარებას, 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე, ერთ ჰექტარზე 200 ლარს მიიღებს. ეს პუნქტი ასევე მოიცავს თანადაფინანსებას საქონლისა და მომსახურების შეძენაზე.

მამუკა ამონაშვილი მცირე მიწიანი ფერმერია. 6 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე უკვე წლებია სხვადახვა კულტურა მოჰყავს. ფერმერი ანტიკრიზისული გეგმის დღეს გახმოვანებული სიახლეების შესახებ კარგად ინფორმირებულია. თანხას, რომელსაც სუბსიდირების სახით მიიღებს დანიშნულება უკვე მოუძებნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული მრავალკომპონენტიანი პროგრამა მთლიანობაში 200 ათას ფერმერს მოიცავს. პაკეტის მთლიანი ღირებულება 300 მილიონია. გეგმა, აგრო წარმოებისთვის ახალ საბანკო შეღავათებსაც ითვალისწინებს.

კრიზისი ახალ შესაძლებლობებს პრემიერისთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც აჩენს. გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტს დღეს შეახსენა, რომ პანდემიამ სასურსათო უსაფრთხოება განსაკუთრებით გამოკვეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეები კრიზისის დროს ფასებისა და მომარაგების მიმართულებით გახდნენ მგრძნობიარეები, რაც მისი თქმით, შიდა წარმოების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. პროგრამამ ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. პოლიტიკური ოპონენტები მმართველ გუნდს გეგმას, დაგვიანებისა და არასრულყოფილების გამო უწუნებენ.

უმრავლესობამ კი ძირითადი აქცენტი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას მიწის რეგისტრაციის მნიშვნელობაზე გააკეთა. პროგრამას იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. მისი მიზანია 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაურეგისტრირებელი და აღურიცხავი მიწა აღარ იყოს. მმართველი გუნდი ფერმერებს მიწების დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს, რათა შეღავათებით სარგებლობა შეძლონ.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა პროგრამები ფერმერბისთვის სარგებლობა 20 მაისიდან შეეძლებათ.

დღის ამბები