29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
17 მაისი - ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინდემონსტრაცია გაიმართება

ლგბტ თემმა 17 მაისისთვის მზადება დაიწყო. კორონავირუსის გამო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინდემონსტრაცია გაიმართება.

"თბილისი პრაიდი" ღონისძიებამდე 5 დღით ადრე ბოლო დეტალებს ათანხმებს. უკვე ცნობილია, რომ ლგბტ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ ონლაინსასაუბრო ქსელ "ზუმში" ჩაერთვებიან. ყველა მომხსენებელი წინასწარი მომზადებული თემით წარდგება, ისაუბრებენ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. წლევანდელი ღონისძიება 2013 წლის ხმაურიან მოვლენებს ეძღვნება.

ონლაინსივრცეში დაგეგმილ შეკრებას 15-მდე გამომსვლელი ეყოლება. მომხსენებელთა შორის არის "თანასწორობის მოძრაობის" ხელმძღვანელი და ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე, რომელიც შეკრებილ აუდიტორიას 2012 წლიდან დღემდე არსებული გამოწვევების შესახებ მოუყვება. ჰომოფობიის გარდა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ შეკრების თავისუფლება რჩება.

მირანდა ოკუჯავამ საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მას დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტრანსგენდერი ქალი 2019 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. ლგბტ თემი წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობის გამო მიგრაციის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. მირანდა, 17 მაისს ონლაინ აქციაზე ემიგრაციაში ცხოვრების შესახებ ისაუბრებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყანამ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება დაიწყო, ლგბტ თემის წევრებისთვის ახალი გამოწვევები გაჩნდა. ირკვევა, რომ მათი დიდი ნაწილი თავს ისე ირჩენს, რომ ოფიციალურად არსად ფიქსირდება, ისინი შემოსავლისა და დახმარების გარეშე დარჩნენ. ასევე, მათთვის შეუძლებელი გახდა ბინის საფასურის გადახდა. ჰომოფობიის ნიადაგზე გაჩენილი პრობლემების გარდა ონლაინპლატფორმა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსაც დაეთმობა.

17 მაისის აღნიშვნა როგორც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის ყოველთვის დაპირისპირებით სრულდება. ლგბტ თემის მიმართ ჰომოფობიურ განწყობას იჩენენ რელიგიური ორგანიზაციები და პრორუსული ძალები. 2012 წლიდან დღემდე ლგბტ თემმა, 17 მაისის მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 4-ჯერ მიმართა. 2012 წლის სარჩელი მათი გამარჯვებით დასრულდა, სტრასბურგის სასამართლო 2013 , 2016 და 2018 წლების სარჩელებს ამ დრომდე განიხილავს.

დღის ამბები