29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
6 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თავისუფალია და იმავე ეზოში ცხოვრობს, სადაც დაზარალებული გოგონა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ახლა თავისუფალია და იმავე ეზოში ცხოვრებს, სადაც დაზარალებული გოგონა.

უმძიმესი დანაშაული ლაგოდეხში 9 თვის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის კაცმა მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურად იძალადა. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, დაკავებულისთვის ბრალის დამტკიცება პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე ვერ მოახერხა. მამაკაცმა დაწესებულება რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ დატოვა. დაზარალებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის, დაზარალებულის და დანაშაულის უშუალო თვითმხილველების ჩვენებები და ექპერტიზის დასკვნები. საქმეს არსებითად გურჯაანის რაიონულ სასმართლოში მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი იხილავდა, თუმცა, ჩატარებული 22 პროცესის და დაკითხული 18 მოწმის მიუხედავად, სასმართლომ საქმის განხილვა ვერ დაასრულა, რის გამოც უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაზარალებული გოგონას ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმე პროკურატურამ და მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ხელოვნურად გააჭიანურეს და შესაბამის უწყებებს რეაგირებას სთხოვენ. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ოჯახი აცხადებს, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ საგამოძიებო უწყებიდან უთხრეს, რომ საქმის განხილვა პანდემიის გამო ვერ დასრულდა.

განსხვავებული ვერსია აქვს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს. ის "კურიერმა" ლაგოდეხში ჩაწერა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ 9 თვის განმავლობაში მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოახერხა, რაც მისი გათავისუფლების მოტივი გახდა.

რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის მიმართ დანაშაულის დამტკიცება 9 თვის განმავლობაში, ჰქონდა თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები სახელმწიფო ბრალდებას და გააჭიანურა თუ არა პროცესი ხელოვნურად მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა - ეს ის კითხვებია, რომელიც საგამოძიებო უწყებასთან დაკავებულის ადვოკატებს აქვთ.

58 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ახლა სასამართლო პროცესების ჩანიშვნას სახლში დაელოდება. რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი 9 თვე საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, ამ კითხვას სასამართლო არ პასუხობს. სახელმწიფო ბრალდება კი აცხადებს, რომ პროკურატურამ მოწმეების დაკითხვა თებერვალში დაასრულა და სასამართლო პროცესების გაჭიანურებაში დაცვის მხარეს ადანაშაულებს.

დღის ამბები