რუსეთი მორიგ ანტირეკორდს ამყარებს. ბოლო 24 საათში ქვეყნაში კორონავირუსის 11 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორისაა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვიც. კრემლის პრესმდივანი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. პესკოვი რუსეთის ფედერაციაში უკვე მეხუთე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა. მანამდე კორონავირუსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც დაუდგინდა. მზარდი სტატისტიკის გამო, რუსეთის ფედერაცია COVID-19-ით ინფიცირებულთა მსოფლიო რუკაზე უკვე მეორე ადგილზე იმყოფება.
რუსეთისგან განსხვავებით ინფიცირების დინამიკა კლებულობს შეერთებულ შტატებში. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მასობრივ ტესტირებას განაგრძობს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია შტატებისთვის მეტი ტესტის უზრუნველსაყოფად 11 მილიარდი დოლარის გამოყოფას აანონსებს.
შტატების მსგავსად, მონაცემების შემცირების ტენდენციაა ევროპის ქვეყნებშიც. იტალიასა და საფრანგეთში სკოლების ნაწილმა სწავლების პროცესი უკვე განაახლა, თუმცა განსხვავებული ფორმატით. პიემონტის რეგიონში მოსწავლეების ნაწილი სასწავლო პროცესს საკლასო ოთახების ნაცვლად სპორტულ დარბაზებში გააგრძელებს.
იტალიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია გერმანიაში, თუმცა აცახდებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქვეყანაში ეპიდაფეთქების ახალი ტალღის საშიშროება არ არსებობს. გერმანიის მთავრობა კორონავირუსის ვაქცინის შექმნისა და გავრცელების პროგრამის დასაფინანსებლად 750 მილიონ ევროს გამოყოფს
ზომების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადადის ავსტრალია. დასაშვები გახდა ქუჩაში 10 ადამიანის შეკრება. ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებაზეც მუშაობს, რისთვისაც მთავრობა ყოველთვიურად თითქმის 10 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს გამოყოფს.
შეზღუდვებს ნაწილობრივ აუქმებს დღეიდან სინგაპურიც, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო რესტორნებს, კაფეებს, სილამაზის სალონებსა და მცირე ბიზნესის გარკვეულ სეგმენტს. ქვეყანაში კორონავირუსის გამო არსებული აკრძალვები თვის ბოლომდე იმოქმედებს
ესტონეთში კი COVID-19-ის აქამდე უცნობი მუტაციის ფორმები აღმოაჩინეს, რომელთაც კავშირი არც ჩინურ და არც ევროპულ გენომთან არ აქვს, ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი კორონავირუსის მუტაციის ახალი ფორმების წარმოშობის მიზეზებს იკვლევენ.