29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
როგორც იყენებდნენ მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნებისთვის, იმავეს გვთხოვენ ჩვენ - ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის ბრალდებებზე

8 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტის მეორე ნაწილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთდაპირისპირებისა და ბრალდებების მიზეზად რჩება. ორ თვეზე მეტი გავიდა დოკუმენტის ხელმოწერიდან, თუმცა დღემდე მხარეები დავობენ მეორე ნაწილის შინაარსზე. ოპონენტებმა რადიკალურად განსხვავებულად წაიკითხეს ელჩების მიერ გამოქვეყნებული წერილიც. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს როგორც საზოგადოება, ასევე საქართველოს მოკავშირეებიც, როდესაც აცხადებენ, რომ ქართული ოცნება შეთანხმების შესრულებას არ აპირებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ იმ პირების უკან, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას და თუ საერთაშორისო საზოგადოებაში ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე კითხვებია, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს:

"ის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ფაქტი და იმ პირებს, ვისაც ასახელებენ ჩვენი ოპონენტები, მათ უკან დგას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, თუ ვინმეს, მათ შორის საერთშორისო საზოგადოების მხრიდან აქვს ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფო მზად არის, დეტალურად გააცნოს ინფორმაცია ამის შესახებ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის პირდაპირი მცდელობა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას, როგორც იყენებდნენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იმავეს გვთხოვენ ჩვენ. ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ ვთანხმდებით საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში და ეს არის ხელმოწერილი და ასევე ამ ხელშეკრულებაში არის ხელმოწერილი და დადასტურებული, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეთანხმება შედგა იმაზე, რომ საარჩევნო და სასამართლო პროცესების პოლიტიზაცია არ უნდა მოხდეს. ირაკლი ბერაია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ამ სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს:

"აქ საუბარია, რომ არ უნდა იყოს ქმედებები, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც საარჩევო და სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია, ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ სულისკვეთებას, მართლმსაჯულება ვერ იქნება პოლიტიკური კალენდრის ნაწილი და ნებისმიერი უკანონო ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის მიუღებელი და არათავსებადი, როგორც კანონის უზენაესობის, ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები