თეთრი სახლის ადმინისტრაცია შტატებისთვის მეტი ტესტის უზრუნველსაყოფად 11 მილიარდი დოლარის გამოყოფას აანონსებს. დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე ყოველდღიურად 300 000-მდე ტესტი ტარდება. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე შტატების პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში ტესტირების შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყანამ გაიმარჯვა.
ტრამპის განცხადებით, მომავალ თვეებში ქვეყნის ეკონომიკა გაუმჯობესდება და მომავალი წელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. თეთრი სახლის თანამშრომლების ინფიცირების შესახებ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს სისტემის ჩამოშლას არ ნიშნავს და ქვეყანა იმართება.
შტატებში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 830 ადამიანი გარდაიცვალა. 12 მაისის მონაცემებით, შტატებში COVID-19-თან დაკავშირებული გარდაცვალების რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა.
"ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ცხრა მილიონზე მეტი ტესტირება ჩატარდა და მაჩვენებელი კვირის ბოლოსთვის 10 მილიონს მიაღწევს. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ ტესტირების მიმართულებით და ეს დიდი, მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო აღჭურვილობა მსოფლიოში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანები სხვა გზითაც იღუპებიან. ყველაფერი ჩაკეტილია, სახლში ხართ გამოკეტილი და გადაადგილების უფლება არ გაქვთ. ხალხი ამის გამოც კვდება. შეხედეთ ნარკომანიას, სუიციდს," - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.