29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად 150 ჰექტრამდე ნათესები განადგურდა - მოსახლეობა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი

კახეთში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა. ისინი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოვენ.

ალასკარ მამედოვი ერთ-ერთია, ვისაც ძლიერი წვიმის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაეტბორა. დაზარალებულის თქმით, სტიქიამ ერთწლიანი ნათესები მთლიანად გაანადგურა და ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოცამდე სოფელი დააზარალა, თუმცა ყველაზე მძიმე ვითარება სოფელ კაბალში რჩება. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე კაბალი ადიდდა, რამაც საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფელში განადგურებულია კიტრის, პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის სათბურები.

დილიდან სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადიდებულ მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები "კურიერთან" ყვებიან, რომ გაუწმენდავი სანიაღვრე არხებისა და უხარისხოდ ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო სტიქია მათ მოსავალს თითქმის ყოველ წელს ანადგურებს. რამედნიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად განადგურდა 150 ჰექტრამდე ნათესები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და გზები. სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.

ლაგოდეხის გარდა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ყვარელში მდინარეები - დურუჯი და შოროხევი ადიდდა. ორ სოფელში - ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა ჯებირი გაარღვია. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ფერმები.

ადიდებული მდინარე დურუჯი ყვარლის ტერიტორიაზე არსებულ ვენახებსაც უქმნის საფრთხეს. ამ დროისთვის, დატბორილია ვენახების ნაწილი. მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად სტიქიის ზონაში დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს. მდინარეებზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა.

ლაგოდეხისა და ყვარლის გარდა უამინდობამ პრობლემები შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, სადაც სტიქიის შედეგად ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

სტიქიით დაზარალებულ სამივე მუნიციპალიტეტში შექმნილია შესაბამისი კომისია, თუ რა ზარალი მიადგა რეგიონს, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები