29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება თუმცა რისკები რჩება - სპეციალისტები ეპიდვითარებას მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობას უკავშირებენ

ქვეყანა ძველ რიტმს ახალი წესებით უბრუნდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ეპიდაფეთქების რისკები კვლავ რჩება. სამყარო რომ ისეთი აღარ იქნება, როგორც პანდემიამდე იყო, ამაზე სპეციალისტები უკვე შეთანხმდნენ.

ადამიანებს ნიღბებით სიარული და სოციალური დისტანციის დაცვა სავარაუდოდ, იქამდე მოუწევთ, სანამ მეცნიერები COVID-19-ის ვაქცინას არ შექმნიან. მოქალაქეებსაც და ბიზნესსაც, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში დაწყების შესაძლებლობა სწორედ ამ თარიღიდან მიეცემათ, იქამდე კი, უნარ-ჩვევების ტრანსფორმაცია მოუწევთ.

შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ეპიდსიტუაცია დღეს კვლავ მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მკაცრად შეასრულონ მედიკოსების ყველა რჩევა, რომელიც სოციალურ დისტანციას, ჰიგიენას და საგანგებო რეჟიმის ფარგლებში არსებულ მოთხოვნებს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტების აზრით, სცენარი შეიცვლება და ეპიდაფეთქების ახალი ტალღა გარდაუვალი იქნება. მათივე თქმით, სამხრეთ კორეა და გერმანია ამის კარგი მაგალითია.

სპეციალისტები ორ სცენარს განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, ქვეყნებმა მკაცრი ზომები იქამდე უნდა გააგრძელონ, სანამ ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ნულს არ გაუტოლდება. მეორე ვერსიით კი, ეპიდემია შეკავებული იქნება მანამ, სანამ ეპიდემიის დონე მისი მუდმივად მართვის საშუალებას არ მოგვცემს. 

საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სპეციალისტები კიდევ ერთი ნაღმს სწორედ ამ მიმართულებით ხედავენ.

მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად იტალია, გერმანია, შვეიცარია, თურქეთი, ახალ შემთხვევათა ხანგრძლივი და ნელი შემცირების ფაზაში შევიდა, მაშინ როცა, სხვაგან ეპიდემია ჯერ კიდევ ზრდის ეტაპზეა, მაგალითად რუსეთსა და ამერიკაში.

საქართველოში ორკვირიანი ინტერვალით შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, პირველ ვიზიტორს კი ქვეყანა დაახლოებით ორ თვეში ელოდება.

დღის ამბები