29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის საგანი კვლავ პატიმრების თემაა - ვინ ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმებიდან 2 თვე გავიდა - რა წერია დოკუმენტში პოლიტიკური პარტიების წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ისევ დავის საგანია.

შეთანხმებიდან 2 თვის თავზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია რიტორიკის შეცვლაში ღიად დაადანაშაულა და ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩავარდნის საფრთხეზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დღესაც აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერების გათავისუფლება მუდმივად იდგა დღის წესრიგში და მას პოზიცია არასდროს შეუცვლია. "ნაციონალური მოძრაობა" კი მმართველ პარტიას საპასუხო ბრალდებებს უყენებს და დასავლელი პარტნიორების განცხადებებს ახსენებს.

ოპოზიციის განცხადებებში მუქარა ამოიკითხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე სრულ პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს. ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილე ელჩებს დახურული შეხვედრის დეტალების გასაჯაროებას სთხოვს.

დოკუმენტზე ხელმოწერის დეტალები გაიხსენეს დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. პარტიების ნაწილი, ვინც 8 მარტის შეთანხმების მონაწილეა ამბობს, რომ შეხვედრაზე ნამდვილად იყო პოლიტიკური პარტიების ლიდერების გათავისუფლებაზე საუბარი, თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების ჩაწერა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მონაწილე ირმა ინაშვილი დღეს ყვება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" შეხვედრებზე პატიმრების გათავისუფლების საკითხს და პირად ხელშეუხებლობას მართლაც აყენებდნენ, თუმცა არცერთ იმ შეხვედრაზე, რომელიც მისი მონაწილეობით გაიმართა, "ქართულ ოცნებას" ამ საკითხებზე თანხმობა არ განუცხადებია. 

ოპოზიციისგან განსხვავებით "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც 8 მარტის შეთანხმების მთავარი საკითხია, საჯარო განხილვები სჭირდება, რომელიც პანდემიის პირობებში შეცვლილი ფორმით უნდა გაიმართოს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილებებს დადგენილი ვადების გათვალისწინებით განიხილავენ და მიიღებენ.

 

ავტორი: ქეთევან ზანთარაია

დღის ამბები