29 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
რეკომენდაციების და წესების ზედმიწევნით დაცვა - როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოქალაქეებმა რეკომენდაციები ორმაგი პასუხისმგებლობით უნდა დაიცვან. ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მკაცრად შეასრულონ მედიკოსების ყველა რჩევა, რომელიც სოციალურ დისტანციას, ჰიგიენას და საგანგებო რეჟიმის ფარგლებში არსებულ მოთხოვნებს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტების აზრით, ეპიდაფეთქების ახალი ტალღა გარდაუვალი იქნება.

ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მკვლევარი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ვაქცინის შექმნამდე მოქალაქეებს ცხოვრება ისევ სოციალური დისტანცირების პირობებში მოუწევთ.

"არ მინდა შევაშფოთო ჩვენი მოსახლეობის ნაწილი, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ და აქამდე რასაც მივაღწიეთ, ის შეიძლება ერთ დღეში ჩაიყაროს წყალში თუ ერთბაშად ყველა ზომა, უსაფრთხოების ყველა წესი, რომელიც აქამდე გამოვიმუშავეთ და ბოლო თვეების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ამ წესებს იცავდა, თუ ამას ერთბაშად თავი დავანებეთ და ისევ გადავედით კოვიდამდელი ცხოვრების წესზე. სანამ ვაქცინა არ იქნება, ჩვენ ასეთი ფიზიკური დისტანცირების და მომატებული ჰიგიენის პირობებში მოგვიხდება ცხოვრება,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, საკარანტინო ზომების შერბილების შემდეგ, ახალ შემთხვევათა რაოდენობის მატება მოსალოდნელი არ იქნება, თუმცა რა იქნება ქვეყნის საზღვრების გახსნის შემდეგ, პროგნოზირება რთულია.

"უტოპიაა იმაზე ფიქრი, რომ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოვა ნულამდე და მერე აღარასოდეს აღარ იქნება. ქვეყნის შიგნით, როგორც ხედავთ, შემთხვევათა რიცხვი დიდი არ არის და ამიტომ, ქვეყნის შიგნით საკარანტინო ზომების შერბილების შემდეგ არ უნდა ველოდოთ შემთხვევათა აღმავლობას, მაგრამ როდესაც ქვეყნის საზღვრები გაიხსნება და ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას, აქ ყველანაირი სცენარი შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ალბათ თავდაპირველად იმ ქვეყნების ტურისტების შემოშვებას უნდა მოვერიდოთ, სადაც ახლა პიკია, ასეთია პირველ რიგში რუსეთი," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

დღის ამბები