29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
"ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება, უბრალოდ შეუძლებელია" - გიორგი გახარია ოპოზიციის განცხადებებზე

პრემირ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას ეხება, მისთვის წარმოუდგენელია. გიორგი გახარია ოპონენტებს პასუხობს, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხზე საუბრობენ. 

მისი თქმით, მსგავსი მოთხოვნების დაყენება ქვეყნის ინსტიტუტების შეურაცხყოფაა და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს.  

"მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება, უბრალოდ შეუძლებელია. ჯერ ერთი ვადასტურებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ გადაწყვეტილება, კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც არის დასრულებული, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაცა ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი.

ან შეიძლება ვიღაცა ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შეუძლებელი. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღებული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უდიდესი მიღწევაა და მისი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენება პირადად მისთვის მიუღებელია. 

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.

ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო შესულიყო ან საერთოდ ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა.

ეს არის ჩემი აბსოლუტურად გულწრფელი პოზიცია. ასე რომ, ვთვლი, რომ საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური გუნდის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით ჩემთვის არის პერსონალურად მიუღებელი.

რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. კონკრეტულ სამართლებრივ კრიმინალურ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ან დადებითი ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არ გამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება პოლიტიკური პროცესზე იქონიოს ზეგავლენა, შეუძლებელია უბრალოდ და ყველა, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, მოვუწოდებ, დააკვირდნენ რას და როგორ ამბობენ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები