ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდანცველებმა 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 37 მოქალაქე დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.