29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
დამალა თუ არა პეკინმა კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მონაცემები - ევროპა ჩინეთს აკრიტიკებს

ჩინეთს ისევ აკრიტიკებენ, ამჯერად საპროტესტო გზავნილი ევროკავშირის საგარეო უწყებას ეკუთვნის. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დღეს ღიად თქვეს, რომ ოფიციალურმა პეკინმა კოვიდ-19 ის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მონაცემები დამალა.

ევროკომისიის სესიაზე გაერთიანების წარმომადგენელმა ჩინეთი იმიტომაც გააკრიტიკა, რომ ქვეყანაში მოქალაქეების მკაცრი კონტროლის გამო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სამართლიან აღსრულებას ხელი ეშლება.

ვიდრე ოფიციალური პეკინი ევროკომისიის ბრალდებებს უპასუხებს, ევროპა რეგულაციების შემსუბუქებაზე მუშაობს. ესპანეთში მოსახლეობა ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება, თუმცა საზოგადოების ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ნაადრევია და შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდეს.

საფრანგეთი ხვალიდან სილამაზის სალონებისა და სავაჭრო ცენტრების ნაწილობრივ გახსნას გეგმავს, თუმცა ბიზნესსექტორს სამუშაო პროცესის წარმოება ახალი რეგულაციების პირობებში მოუწევს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საფრანგეთის ხელისუფლებამ მეწარმეებს სპეციალური სამუშაო გრაფიკი შესთავაზა.

გერმანიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, COVID-19-ის გავრცელების ტემპი კვლავ გაიზარდა. იმ შემთხვევაში თუ მონაცემების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის პროცესი შეჩერდეს. რობერტ კოხის კვლევითი ინსტიტუტი საზოგადოებას იზოლაციის წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

ევროპის ერთიანობას მიუძღვნა საკვირაო მესა პაპმა ფრანცისკემ. პონტიფიკოსმა საზოგადოებას მიმართა და თქვა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისისა და მსოფლიო პანდემიიის ფონზე მსოფლიომ უნდა ნახოს რამდენად მტკიცეა ევროპის კავშირი.

ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში პანდემიის პიკმა უკვე გადაირა, წითელ ზონად რჩება ევროპის აღმოსავლეთი. ბოლო მონაცემებით, ევროპის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 600 000-ს აღწევს, ლეტალურად დასრულდა 150 000-ზე მეტი შემთხვევა.

დღის ამბები