29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
სტიქიამ კახეთში 15 000 ჰექტარზე გაშენებული ერთწლიანი კულტურები გაანადგურა - მეურნეები მოსავლის გარეშე დარჩნენ

 დასეტყვილი მიწები, დატბორილი გზები - რამდენიმედღიანმა უწყვეტმა ნალექმა პრობლემები შექმნა კახეთის რეგიონში. განსაკუთრებული ზიანი ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს მიადგა. წყალდიდობის შედეგად განადგურდა 15 000 ჰექტარზე გაშენებული ერთწლიანი კულტურები. მეურნეები მოსავლის და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

უხვმა ნალექმა სახნავ-სათესი ნაკვეთების გარდა საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. დატბორილია ათობით სახლი და შიდა საუბნო გზები. გაწმენდით სამუშაოებში მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ელოდა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მიწები არა უხვი ნალექის, არამედ მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო დაიტბორა. ისინი პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ და პრევენციისთვის, დამბის მოწყობას ითხოვენ.

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ყვარელშიც. ადიდებულმა მდინარეებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ათობით ოჯახი დააზარალა. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. წყლის დიდმა ნაკადმა ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ხის საამქროს ნაწილი ჩამოშალა. დაზიანდა საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლი.

წყალდიდობის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან რეგიონის ორივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებთან ერთად მობილიზებულია სპეცტექნიკა. მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. სოფლებში ამ დროისთვის გამოდარებას ელოდებიან, რის შემდეგაც სამუშაოებში დამატებითი ტექნიკური რესურსების ჩართვა იქნება შესაძლებელი.

გადაუღებელმა წვიმამ ზიანი კახეთის რეგიონის 20-მდე სოფელს მიაყენა. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. შედეგებს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისია დაითვლის.  

 

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები