29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
რატომ მიიღო უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება - "ოცნების" ყოფილი წევრები ქვეყნებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობენ

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავარ რეფორმატორად წარდგენის გამო ქართული ოცნების უკმაყოფილების ტონი თანდათან მკაცრდება. თუმცა მმართველი გუნდის პროტესტს უსაფუძვლოს და უფრო მეტიც, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს ოპოზიცია. სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებით, პარტნიორების გადასარწმუნებლად სასამართლოს განაჩენზე აპელირება უშედეგოა.

ოპოზიციის შეფასებით, უკრაინასთან ურთიერთობის გადახედვა "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის დანიშვნამდე ბევრად ადრე დაიწყო. ლიდერების თქმით, ამას ადასტურებს თუნდაც ოფიციალური ვიზიტების სიმცირე.

საქართველოს მიერ ძებნილი პრეზიდენტის უკრაინაში რეფორმატორის სავარძელში აღმოჩენა სახელმწიფოს შეურაცხყოფად აღიქვეს "ქართული ოცნების"ყოფილმა წევრებმა. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, სააკაშვილის დაწინაურებით დადასტურდა, რომ ქვეყნებს შორის კომუნიკაციაში პრობლემებია.

რა ფორმით და რამდენად აქტიურად გააგრძელებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

ვლადიმერ ზელენსკიმ განაწყენებულ ქართველ პარტნიორებს სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა უკვე უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანა თავად გადაწყვეტს, რა შესაძლებლობები მისცეს პოლიტიკოსს.

რატომ მიიღო უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელი გადაწყვეტილება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პირადად მოუწევს უკრაინაში საქართველოს ელჩს, რომელიც სამშობლოში სავარაუდოდ მომავალ კვირას დაბრუნდება. თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიხმო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ 7 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

დღის ამბები