29 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
რა იხსნება 11 მაისიდან - ხვალიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი დაჩქარებული ვადით იწყება

ორშაბათიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი დაჩქარებული ვადით იწყება. 11 მაისს ყველა ტიპის საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი, რომელსაც ქუჩიდან იზოლირებული შესასვლელი აქვს, ფუნქციონირებას აღადგენს. რეგულაციების შემსუბუქება, ჯერჯერობით, მსხვილ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს არ ეხებათ. კერძო სექტორში მიიჩნევენ, რომ პანდემია პროდუქციის გაყიდვების 30-40 პროცენტს შეამცირებს, თუმცა შეზღუდვების ვადამდელი შემსუბუქება ბიზნესს დასაქმებულთა უმრავლესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

გაყიდვების შესაძლო შემცირებას არ გამორიცხავენ პარფიუმერული ნაწარმის იმპორტიორი ბრენდების წარმომადგენლებიც. მიუხედავად ამისა, ფიქრობენ, რომ თანამშრომლების რაოდენობას უცვლელს დატოვებენ. რეგულაციების მოხსნის პარალელურად, მკაცრდება მაღაზიებში ვიზიტის წესებიც. ხვალიდან პარფიუმერიის შეძენის ყველა მსურველს მაღაზიაში შესვლა პირბადით, სანიტაიზერისა და ხელთათმანის საშუალებით შეეძლება.

სავაჭრო შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, 11 მაისიდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილებაც შესაძლებელი ხდება. 24 დღიანი პაუზის შემდეგ თბილისში შემოსვლა დაუბრკოლებლად იქნება შესაძლებელი. მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბლოკპოსტების მოხსნა დროული და საჭირო იყო. მათი თქმით, თბილისის გახსნა ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შანსს მისცემს.

თბილისის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ბლოკპოსტები ეტაპობრივად მოიხსნება რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში. რეგიონში ეპიდემილოგიური ვითარების კონტროლს ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს. ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე აცხადებს, რომ პრევენციული ღონისძიებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ანტიკრიზისული გეგმა საქართველოს ხელისუფლებამ 24 აპრილს წარადგინა. მთავრობის სტრატეგიის მიხედვით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ექვს ეტაპად უნდა განხორციელდეს.

დღის ამბები