29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
პოლიტიკური სეანსი და სააკაშვილის ახალი როლი - როგორ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაძაბულობა

საქართველოში ძებნილი პრეზიდენტის უკრაინაში რეფორმატორად აღმოჩენა ოფიციალური თბილისისთვის საბაბი გახდა, რომ პარტნიორი ქვეყნიდან საკუთარი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გამოეძახა. როგორც საგარეო უწყებამ აღნიშნა, დიპლომატიურ პრაქტიკაში ეს ნაბიჯი ურთიერთობებში პრობლემის არსებობაზე მიუთითებს. ხელისუფლების განცხადებით, სამომავლო ქმედებებისთვის საჭიროა დიპლომატთან გასაუბრება.

ელჩის კონსულტაციისთვის საქართველოში გამოძახება პარტნიორულ კავშირებზე გავლენას არ მოახდენს, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, სადაც განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დიპლომატიაში ჩვეული პრაქტიკაა.

როგორ აღმოჩნდა ძებნილი პრეზიდენტი რეფორმატორის სავარძელში - ამაზე უკრაინის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას უკვე უთხრა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ერთი ადამიანის მძევლად არ უნდა იქცეს.

უკრაინა საქართველოს შეახსენებს, რომ ქვეყნებს ერთი საერთო მიზანი აქვთ და ერთი მტერი ჰყავთ. სწორედ რუსული აგრესიის ერთ-ერთი სამიზნე წერტილიდან, ლუგანსკის ოლქიდან, გამოეხმაურა სააკაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ზელენსკი.

განვითარებულ პროცესებზე "ქართული ოცნების" პათოსს საწყენი უწოდა დღეს სააკაშვილის პარტიამ თბილისში. ოპოზიცია ხელისუფლების რეაქციას და დიპლომატის გამოძახების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

მისი დანიშვნით გამოწვეულ პროტესტს კიევიდან გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, ქვეყნებს შორის ურთიერთობა მცირედითაც კი გააუარესოს.

სტრატეგიულ კავშირს საფრთხე არ ემუქრება - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში", თუმცა უკრაინელებს შეახსენებენ, რომ რეფორმატორად მოხსენიებული ყოფილი პრეზიდენტი არაერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული.

პოლიტიკური სეანსი სააკაშვილის მონაწილეობით გრძელდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ახალი როლი აქვს. ის ამჯერად უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა. ამ პოზიციის დაკავებამდე ვიცე-პრემიერობას აპირებდა, თუმცა ზელენსკის გუნდმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და რადადან მისი წარდგენის შესახებ წინადადება უკან გაიწვია. უფრო ადრე ის ოდესის გუბერნატორის სავარძელსაც მოერგო, თუმცა უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტისგან მიღებული კომპლიმენტები მოგვიანებით საყვედურებმა და ღია დაპირისპირებამ ჩაანაცვლა. ამ მოვლენებიდან მალევე პოლიტიკური კინო მძაფრსიუჟეტიანი გახდა: სააკაშვილი პასპორტის გარეშე, სააკაშვილი სახურავზე, სააკაშვილი საზღვარზე.

"ქართული ოცნების" მოლოდინია, რომ ახალი პოლიტიკური სეანსიც იმავე წრეზე და უცვლელი სცენარით დასრულდება.


დღის ამბები