29 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
რუსეთი საქართველოს დიალოგს სთავაზობს - ოკუპანტი ქვეყნის წინადადებას მხოლოდ ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა აქვს

რუსი პოლიტიკოსი კონსტანტინ კოსაჩევი, რომელიც უკვე 12 წელია ულტიმატუმის ენით ოფიციალური თბილისისგან  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას მოითხოვს, ოკუპაციის პირობებში საქართველოს თანამშრომლობას სთავაზობს. ეს გარემოება დეპუტატისთვის დაბრკოლება სულაც არ არის, რომ საპარლამენტო დიალოგის აღდგენაზე ისაუბროს.

ოკუპაციის აქტიურ მხარდამჭერ კონსტანტინ კოსაჩევს დიალოგისკენ მოწოდება მოუწონა ონლაინკონფერენციის კიდევ ერთმა და ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ, ნინო ბურჯანაძემ. უფრო მეტიც, მან წუხილი გამოთქვა, რომ კრემლის პროპაგანდისტული არხის, Russia Today-ს გადაცემაში, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი არ მონაწილეობს.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა პუტინის პოლიტიკურ იარაღად ქცეული "უკვდავი პოლკის" იდეის მიმართ სიმპათიებიც ღიად გამოხატა. თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობისას მოქმედი აკრძალვის მიუხედავად, აპირებს ჩაერთოს 9 მაისის შეკრებაში, რომელიც რუსულმა ორგანიზაციებმა ვაკის პარკში დააანონსეს.

"უკვდავი პოლკის" იდეის აღიარება ქართველ პოლიტიკოსს უხერხულობას არც "კურიერთან" ინტერვიუში უქმნის და კიდევ ერთხელ განმარტავს თუ რატომ მიიჩნევს რუსეთთან დიალოგს საჭიროდ. სამაგიეროდ, მისი გზავნილები მიუღებელია ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, ვინც მასთან ერთად ერთ მაგიდასთან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობს.

რუსეთთან დიალოგზე საუბარი ოკუპაციის პირობებში წარმოუდგენელია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. პოლიტიკოსების თქმით, ამ თემაზე ქართული საზოგადოების დამოკიდებულება გავრილოვის ვიზიტის დროსაც გამოჩნდა.

რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში იქნება საუბარი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა კოსაჩოვისა და ბურჯანაძის ინიციატივას. მმართველი პარტია მოსკოვს კიდევ ერთხელ ახსენებს შესასრულებელ ვალდებულებებს და იმ საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც სისტემატურად ირღვევა.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა რუსული ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ დაანონსებული მასშტაბური შეკრება 9 მაისისთვის. კრემლის იდეოლოგიის ქართველი მხარდამჭერების ნაწილი შაბათს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებას გეგმავს.

დღის ამბები