29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
სამედიცინო კრიზისი ოკუპირებულ ცხინვალში და COVID 19-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები - დე ფაქტო ხელისუფლებამ ვირუსის 11 შემთხვევა აღიარა

განმეორებითი ტესტით ახალგორელ ქალს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში შვილთან ერთად არის მოთავსებული, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ე.წ. ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ ცხინვალის საავადმყოფოში 11 ინფიცირებულს მკურნალობენ. მათი უმეტესობა სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. ყველა ინფიცირებულს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებებში ვითარება რომ კრიტიკულია, ეს ახალგორის მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის. წეროვანში მცხოვრები დევნილები "კურიერთან" ყვებიან, რომ ახალგორის საავადმყოფოში კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო პრეპარატები და სამედიცინო ინვენტარი არ არსებობს.

ოკუპირებულ ცხინვალში ვირუსის გავრცელებაში დე ფაქტო უწყებებისთვის მთავარი დამნაშავე ახალგორში მცხოვრები ქართული მოსახლეობაა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ დე ფაქტო უშიშროების წარმომადგენლები მიზანმიმართულად ქმნიან ფონს სხვა ეროვნების მოსახლეობაში, რომ ვირუსის გავრცელება ქართველების მხრიდან განზრახ ხდება.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით, ახალგორის რაიონში მომატებულია ქართველების მიმართ დისკრიმინაციულად, დაუსაბუთებელი ვარაუდით თვითიზოლაციაში მოქცევის მოთხოვნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია. გალისა და ახალგორის კლინიკებს დღემდე არ გააჩნიათ როგორც COVID-19-ის ინფექციის დიაგნოსტიკის, ასევე პირველადი აუცილებლობის სადეზინფექციო საშუალებები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევებისა და პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია.

არ არის კორონავირუსი, შესაბამისად, საჭირო არაა კონტროლი - რუსეთის მიერ მართულმა რეჟიმებმა თავდაპირველად ასეთი მიდგომა აირჩიეს, ვირუსის დაფიქსირების შემდგომ კი ფორმალური შეზღუდვები დააწესეს.

დღის ამბები