29 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება - როგორია ხელისუფლების ახალი გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები

პოსტკრიზისული ეკონომიკის გაჯანსაღებას ხელისუფლება ტურიზმის სექტორიდან იწყებს. პანდემიის პირობებში საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შიდა და საერთაშორისო ტურისტულ გადაადგილებას აღადგენს - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა პოსტკრიზისული სტრატეგიის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ქვეყნის საზღვრების გახსნა ორ ეტაპად განხორციელდება.

საზღვრების გახსნის პარალელურად გამკაცრდება უსაფრთხოების ნორმებიც. საკოორდინაციო საბჭო COVID-19-ისგან დასაცავად ტურისტების შემოსვლის კონტროლის კრიტერიუმებს სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს. გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსთან ბრძოლის დროს სასტუმროებს სპეციფიკური გამოცდილება დაუგროვდათ, რაც ბიზნესის სრულფასოვანი აღდგენისთვის მნიშვნელოვანია. პრემიერმა დღეს ჯანდაცვის სექტორს ვიზიტორებისთვის საკარანტინო ვადის ორი კვირის ნაცვლად ერთ დღემდე შემცირების დავალებაც მისცა.

საზღვრებისა და სასტუმროების გახსნის პარალელურად, ტურისტული ინდუსტრიის დახმარებას სახელმწიფო ფინანსურ ნაწილშიც გეგმავს. სექტორის დასახმარებლად სულ 200 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შემსუბუქება, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ სასესხო გარანტიებთან ერთად, პოსტკრიზისული გეგმის პრიორიტეტია.

ტურიზმის სექტორის დასახმარებლად, ფინანსურ დოტაციებთან ერთად, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვა, ქართველი გიდების დახმარება და გადამზადებაც იგეგმება.

COVID 19-ის შემდგომი მსოფლიოსთვის, საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის კუთხით, პოზიციონირების დროებით შეცვლას გეგმავს. ღვინისა და სამზარეულოს ნაცვლად საიმიჯო სტრატეგია საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. ხელისუფლების წევრები დღეს აცხადებდნენ, რომ მოხდება ე.წ. მწვანე ზონების პოპულარიზაცია და რესპირატორული დაავადებების სამკურნალო კურორტების  წამოწევა.

საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს სარესტორნო ბიზნესიც. სექტორი, რომელიც ტურიზმთან პირდაპირ არის დაკავშირებული და პანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, რეაბილიტაციისთვის სესხების მოზიდვის დროს სახელმწიფოსგან 90%-იან თანაუზრუნველყოფას მიიღებს. ეკონომიკის მინისტრის აზრით, ეს ბიზნესს საბრუნავი საშუალებების მოზიდვაში დაეხმარება, რაც დასაქმებულებს სამუშაოს შეუნარჩუნებს.

დღის ამბები