გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაზარალებულის სტატუსსაც ატარებს - ორთვიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ, მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალი ექვს პირს წაუყენა.
ადვოკატი, რომელიც ექვსივე ბრალდებულს იცავს აცხადებს, რომ გუშინ დასრულდა საქმის მოკვლევა და შესაბამისად გამოძიების დასრულების შემდეგ, როგორც მერაბ კობიაშვილს დაუმძიმდა ბრალი, ასევე დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირსაც ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ადვოკატმა, ასევე მერაბ კობიაშვილის მხრიდან მოგერიების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, დაპირისპირებული ორი მათგანი როგორ მიემართება კობიაშვილისკენ და მერაბ კობიაშვილიც თავდაცვის მიზნით მათ ცეცხლს მათ უხსნის.
"დღეს ბრალი წარედგინა 2-3 ისეთ ადამიანს, რომელიც კონფლიქტში მას შემდეგ ჩაერთო, რაც თამაზ გორთამაშვილის სიცოცხლის მოსპობა განხორციელდა ისინი მოქმედებდნენ მერაბ კობიაშვილის განიარაღების მიზნით და მათი ქმედებები მხოლოდ დამნაშავის შეპყრობის მცდელობით იყო. დანარჩენი მათგანი, ვინც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ისინი თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გრძნობენ. გამაფრთხილებელი სროლა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სროლა, რომელიც მიმართულია ადამიანის სხეულისაკენ,"- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა.