29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების სამკურნალოდ, ეფექტურ წამალზე წვდომას მიიღებს

საქართველოს მაისის ბოლოს წვდომა ექნება ისეთ მედიკამენტებზე, რომელიც ეფექტურად იმუშავებს კოვიდინფიცირებულ კრიტიკულ პაციენტებზე. ქვეყანამ უკვე მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან შეთავაზება, მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტების გამოსაკვლევად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში ჩაერთოს.

"სოლიდარობის კვლევების" 4 კომპონენტში "რემდესივირთან" და "პლაქვენილთან" ერთად შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატიც იქნება გამოყენებული. მედიკამენტები ინდივიდუალურად მოერგება პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელსაც კლინიცისტები დაადგენენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევაში ჩართვისთვის მკაცრს კრიტერიუმებს ითხოვს. ამ მოთხოვნებით საქართველოში შერჩეულია 7 სამედიცინო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს კოვიდ პაციენტების მართვა. მთავარი ფლაგმანი ინფექციური საავადმყოფო იქნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვა დანარჩენ კლინიკებსაც, იმისთვის, რომ მედიკამენტების გამოყენება მოხდეს შესაფერის შემთხვევებში მოთხოვნილი პროტოკოლის თანახმად. თავის მხრივ, სამედიცინო ჯგუფი ვალდებული იქნება, პაციენტს მკურნალობის შესაძლო რისკებზე ინფორმაცია მიაწოდოს და მისგანაც თანხმობა მიიღოს. საკითხზე კონსულტაციები ჯანდაცვის სისტემას უკვე დაწყებული აქვს.

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მცირეა, თუმცა საყურადღებოა მძიმე პაციენტების ბედი, რომელთაც აქვთ თანმდევი სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ინფექციონისტებს აინტერესებთ, როგორი ეფექტი ექნება ამ პირების შემთხვევაში სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენებას.

კორონავირუსის მკურნალობისთვის სხვადასხვა მედიკამენტი იქნება ერთმანეთთან შედარებული. "პლაქვენილის" და "რემდესივირის" გარდა გამოყენებული იქნება "ლოპინავირ - რიტონავირი" და ამავე პრეპარატს დამატებული "რინტეფეროლი". ოთხივე პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარსული გამოცდილების საფუძველზე აარჩია. როგორც ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, კვლევაში ჩართულ პრეპარატებსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა, ფარმაკოლოგების ნაწილი ამბობს, რომ გვერდითი ეფექტების განვითარების საფრთხე მინიმალურია, როდესაც განსაზღვრულია წამლის მიღების პერიოდი.

კვლევებს საქართველოში სერიოზულად უყურებენ. ჯანდაცვის სისტემაში ამბობენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ეს არის გზა კრიტიკული მდგომარეობის ეფექტური მართვისთვის. კვლევების დაწყების თარიღი, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, თუმცა არსებული ინფორმაციით, პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

დღის ამბები