29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ოპოზიციის ბოიკოტი და მართლმსაჯულების შესაძლო გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის - რა წერია Freedom House-ის ანგარიშში

ორგანიზაციამ Freedom House ანგარიში გამოაქვეყნა.  დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ საფრთხეზე, რომ საქართველოში, შესაძლოა, მართლმსაჯულება გამოყენებული იყოს პოლიტიკური ბრძოლისთვის. მაგალითად მოყვანილია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საქმე. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხაზარაძეს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის დაარსების შესახებ განაცხადა.

Freedom House-ის აქცენტებით კმაყოფილია ოპოზიცია. ლიდერების შეფასებით, პოლიტიკურ დღის წესრიგში გადადგმულ ნაბიჯებს ხელისუფლებისთვის მძიმე ფასი ექნება.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შედეგიან რეფორმებზე იზრუნოს და უარი თქვას ფასადურ ნაბიჯებზე, რომლითაც, მათი შეფასებით, "ქართული ოცნება" პარტნიორებისთვის ილუზიური რეალობის შექმნას ცდილობს.

საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ Freedom House-ის ანგარიშში უცნაური ტენდენცია შეინიშნება. "ქართული ოცნების" შეფასებით, ორგანიზაცია ხელისუფლების იმ ნაბიჯებს აკრიტიკებს, რომელმაც მანამდე სტრატეგიული პარტნიორების: აშშ-ისა და ევროკავშირის შექება დაიმსახურა.

მმართველი გუნდი ანგარიშში შესწორებების შეტანას მოითხოვს, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის კონტექსტშიც.

ანგარიშს ორგანიზაცია უკვე 25 წელია აქვეყნებს და წელს დემოკრატიულ სახელმწიფოებად შეფასებული ქვეყნების რაოდენობა ყველაზე მცირეა. საქართველო კვლავ რჩება "გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების" მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

საქართველოს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, ოდნავ გაუარესებულია და 3.29 ქულიდან 3.25 ქულას შეადგენს.

დღის ამბები