29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ივანიშვილს იმედი აქვს, გლობალური პანდემიის დროს საერთაშორისო პარტნიორებს მისთვის არ ეცლებათ - ოპოზიცია Freedom House-ის ანგარიშზე

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ Freedom House-ის ანგარიშში ზუსტადაა აღნიშნული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში დგას. 

ლიდერების შეფასებით, დოკუმენტში აღწერილი ფაქტები ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და ოპონენტების დევნა მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით.

ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიღეს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება.

"ბოიკოტის მიზეზი არის პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყანაში. ეს პრობლემა მაშინ უნდა გადალახულიყო, როდესაც ხელისუფლებამ ხელი მოაწერა 8 მარტის შეთანხმებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები გვიჩვენებს, რომ ივანიშვილს იმედი აქვს, გლობალური პანდემიის დროს საერთაშორისო პარტნიორებს მისთვის არ ეცლებათ და ის შეუმჩნევლად დაარღვევს დადებულ შეთანხმებას," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში ის ნაწილი, პოლიტიკურ დევნასა და სასამართლოს თემას. ძალიან მკაფიოდ არის შეფასება, რომ სასამართლო არის მთლიანად დაქვემდებარებული ხელისუფლებაზე და სასამართლოს დაკომპლექტება სწორედ ამ პრინციპით ხდება. Freedom House-ის ანგარიშში მოხსენიებულია გიგი უგულავაც, მამუკა ხაზარაძეც და ზოგადად ის კლიმატი, რომლესაც ქმნის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული დევნა დაქვემდებარებული სასამართლოს მიერ," - აღნიშნა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებითაც, ხელისუფლებას სასამართლოზე დიდი გავლენები აქვს.

Freedom House-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაცია იმ ხარვეზებზე წერს, რომლიც ბოლო თვეების საქმეების განხილვის დროს სასამართლო სისტემაში გამოიკვეთა. მათ შორის, ავტორები მიუთითებენ საფრთხეზე, რომ შესაძლოა, მართლმსაჯულება გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლისთვის.

დღის ამბები