29 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა

Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა "ეს-პერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ-ანგარიში. ფეისბუქის ინფორმაციით, "ეს-პერსონა" კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის და ქსელის უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ. გვერდებზე ქვეყნდებოდა ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ კრიტიკული შინაარსის კონტენტი. მოცემული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში დაახლოებით 30 000 დოლარი დაიხარჯა. 

პარალელურად, Facebook-მა წაშალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 გვერდი. კომპანიის ინფორმაციით, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტიისა და მთავრობის კრიტიკა პანდემიასთან დაკავშირებით. აღნიშნული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში     23 000  დოლარზე მეტია დახარჯული.

დღის ამბები