29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ხშირად ექიმები ინფიცირდებიან არასამუშაო დროს, არ უნდა გაიგივდეს ეს მათ არაპროფესიონალიზმთან - ეკატერინე ტიკარაძე

რატომ არის ინფიცირებულთა შორის სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი:

"ჩემი ექიმებთან შეხვედრის მიზანი იყო, რომ ადგილზე მომესმინა რა არის ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს ექიმების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი რაღაცას არასაკმარისად აკეთებენ. მიზეზი გამოიკვეთა სხვადასხვა. ხშირ შემთხვევაში, მათ აქვთ საშუალება, რომ ეკიპირებით არ გადაადგილდნენ, თუ მათ არ აქვთ კონტაქტი ინფიცირებულთან ან არ ასრულებენ თავიანთ სამუშაო ვალდებულებას და არ იმყოფებიან იმ დისტანციაზე, რომელიც რისკს ქმნის, რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება მათ არ გააჩნიათ. თუმცა, მათ კვლავ გაეცათ რეკომენდაციები, ჩართულია 4 გუნდი, რომელიც ატარებს ტრენინგს და ამ ტრენინგების ხარისხს კიდევ უფრო დავხვეწავთ.

რაც შეეხება ეკიპირებას, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გუნდი ეს არის გუნდი, რომელიც იანვრის თვიდან არის მუდმივად აღჭურვილი და არასდროს დამდგარა რისკი, რომ ამ ადამიანებს შექმნოდათ დეფიციტი. არის ხშირი შემთხვევები, როდესაც სასწრაფოს ექიმები ინფიცირდებიან არა სამუშაოს შესრულების დროს და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ არ მოხდეს ამის გაიგივება მათ არაპროფესიონალიზმთან, ან პროტოკოლის არაჯეროვნად შესრულებასთან. მოხდა ინტერპრეტირება ჩემი განცხადების, თითქოს მე დავადანაშაულე მოქალაქეები, რომ მათ მიერ არასაკამარისი ინფორმირების საფუძველზე, ექიმები ადგილზე მიდიან არასაკმარისი აღჭურვილობით.  რამდენიმე გადაცდომა არ შეიძლება გავავრცელო მთელ მოსახლეობაზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, მისი თქმით, ექიმების დაცულობის ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა.

დღის ამბები