29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ხვალიდან 47 აგრარული ბაზარი იხსნება

ხვალიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქტის შეძენას მომხმარებელი უკვე 47 აგრარულ ბაზარში შეძლებს. რამდენიმე დღეა, ამისთვის ღია და დახურულ ბაზრებში კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს. მოვაჭრეები ადმინისტრაციასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფების მეთვალყურეობის ქვეშ ახორციელებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი გლდანის ტერიტორიაზე არსებული საცალო ბაზარია. ტერიტორიის ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებში მოსაყვანად კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა.

სავაჭრო პროცესის აღსადგენად მზადაა ე.წ. დეზერტირების ტერიტორიაზე განთავსებული დახურული ბაზარი. ხვალიდან დაწესებულებაში მოხვედრას მყიდველი მხოლოდ შესაბამისი ეკიპირებით შეძლებს. შიდა ფართობზე კი დაცული იქნება დისტანცია, როგორც მომხმარებელს, ისე მოვაჭრეებს შორის.

ერთთვიანი წყვეტის შემდეგ ხვალიდან განაახლებს კომერციულ საქმიანობას ე.წ. ნავთლუღის ტერიტორიაზე არსებული დახურული ბაზარი. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და სააგენტომ ბიზნეს-ობიექტზე ფუნქციონირების ნებართვაც გასცა. დირექტივების შესრულების შემდეგ, დღესვე გაიხსნა ამავე ტერიტორიაზე არსებული ღია ბაზარიც.

საქმიანობის გაგრძელებას რეკომენდაციების შესრულების შემდეგ შეძლებენ ის სავაჭრო ობიექტები, სადაც ჰიგინეურ-სანიტარული ნორმები სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამისთვის მათ სპეციალისტების მხრიდან გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ.

სავაჭრო ობიექტების შესაბამის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესს კურატორობას სააგენტო გაუწევს. ინსპექტირების ჯგუფები ბიზნეს-ოპერატორებს დადგენილი წესების გაცნობაში დაეხმარებიან.

აგრარული ბაზარი გაიხსნა დღეს ოზურგეთში. ორშაბათიდან განაახლებს ფუნქციონირებას ახალციხის სავაჭრო ზონაც. 90-მდე აგრარული ბაზრიდან ექსპლოატაციაში 47 შედის. დანარჩენები ფუნქციონირებას შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ.

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები