29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ჰაკერული თავდასხმები კორონავირუსის ვაქცინის ფორმულის მოსაპოვებლად - დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს ადანაშაულებენ

მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის ვაქცინის შექმნის აქტიურ ფაზაშია, ჰაკერული ჯგუფები ვაქცინაზე მომუშავე სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებს ესხმიან თავს. ვაქცინის ფორმულის მეკობრული გზით მოპოვების მცდელობაში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები რუსეთს, ჩინეთსა და ირანს ადანაშაულებენ.

კიბერშეტევების აქტივობა, ძირითადად, იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც ეპიდემიოლოგიისა და ვირუსოლოგიის მაღალკვალიფიციური პერსონალი ინტენსიურ კვლევებს აწარმოებს ვაქცინის შესაქმნელად. ვაქცინის მოპოვება სახელმწიფოების ნაწილისთვის ერთგვარი გამოსავალია კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისგან თავის დასაღწევად.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიოს დონორმა ორგანიზაციებმა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გამოყვეს. ვირტუალურ რეჟიმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა 40-მდე ქვეყანამ და დონორმა მიიღეს. შეგროვილი თანხა იმ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებაში გარკვეულ პროგრესს მიაღწევენ. კონფერენციაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინა თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ კოვიდ-19 ჰაკერებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ გარემოებად იქცა. ვირუსის გამო მოსახლეობის უმეტესობას მუშაობა სახლში, საკუთარი კომპიუტერით უწევს, რაც ჰაკერებს პირად ინფორმაციაზე წვდომას კიდევ უფრო უმარტივებს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მოერიდონ საეჭვო აპლიკაციებს, შეტყობინებებს და მაქსიმალურად უზრუნველყონ ელექტრონული ფოსტების დაცულობა.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ სამედიცინო ცენტრებზე განხორციელებული თავდასხმები ამ დრომდე უშედეგოდ დასრულდა. შედეგები არამხოლოდ დაზვერვის სამსახურს, არამედ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასაც აქვს. ქვეყანა პროგრესს განიცდის ვაქცინის შემუშავების მიმართულებითაც. შტატებში კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის შემოტანაზე უკვე საუბრობენ ფარმაცევტული გიგანტები "ფაიზერი" და "ბიოტექი." კომპანიებში აცახდებენ, რომ შემუშავებული პრეპარატი ადამიანზე გამოსაცდელად მზად არის. თუკი ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდება, გაყიდვა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. მსგავსი ტექნოლოგიით ვაქცინაზე მუშაობს კომპანია "მოდერნა," რომელიც პრეპარატს შეერთებული შტატების მთავრობასთან შეთანხმებით ამუშავებს.

დღის ამბები