29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
გახსნილი ქალაქები და ობიექტები - სამუშაო ადგილებზე დაბრუნებულები მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან

ავტოსერვისებში დასაქმებულები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე დღეს დაბრუნდნენ, მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან. ერთთვიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში ავტომომსახურება კვლავ ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა, დასაქმებულები ამბობენ, რომ მუშაობა ახალი პრობლემებით განაახლეს. დედაქალაქის ჩაკეტვის გამო რეგიონში მცხოვრები ხელოსნები თბილისში ვერ დაბრუნდნენ, ავტოსერვისების გახსნის მიუხედავად, ამ დრომდე დახურულია მაღაზიები, სადაც ავტომფლობელებმა ნაწილები უნდა შეიძინონ.

მუშაობა განაახლეს სამშენებლო კომპანიებმაც. თუ მანამდე დეველოპერებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რეგულაციების შესრულება ევალებოდა, ახლა მათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებიც უნდა შეასრულონ. დასაქმებულები პირბადეებით და სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყონ.

სამშენებლო მასალების კომპანიებს, რომლებიც არსებულ პროდუქციას ონლაინ ყიდდნენ, დღეიდან ახალი პროდუქციის წარმოებაც შეუძლიათ. სავალდებულოდ შესასრულებელი რეგულაციები მათთვისაც არსებობს.

შეზღუდვების მოხსნა შეეხო სახელმწიფო სერვისებსაც. დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა წინასწარ, ვიზიტის ონლაინ დაჯავშნის შემდეგ მიიღებენ.

შეზღუდვების მოხსნის მეორე ტალღაში ქალაქის გახსნა დაგეგმილი არ იყო, თუმცა, ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა დღეიდან ნებისმიერი პირისათვის ნებადართულია, თუმცა, ორივე ქალაქში აუცილებელ პირობად დარჩა თერმოსკრინინგი.

ქუთაისსა და ბათუმს სავარაუდოდ მალე შეურთდება თბილისი და რუსთავი. მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერმა დედაქალაქის და მეტალურგიული ცენტრის გახსნა კვირის ბოლომდე დააანონსა. რუსთავის მერი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით მიმდინარეობს. დღეს მოხსნილი შეზღუდვების გაუქმება 11 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა, ვითარებიდან გამომდინარე შემსუბუქება შესაძლებელი გახდა.

დღის ამბები