დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დეკემბერსა და იანვარში აღებული ანალიზების ნიმუშები კორონავირუსზე დაიტესტა და ამით, ერთგვარად, დამტკიცდა, რომ 23 თებერვლამდე საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"დეკემბერ-იანვარში ტესტირებლი ნიმუშები ჩვენთან გადაიტესტა, მათ შორის, ახალ კორონავირუსზე. დეკემბრიდან მოყოლებული შეგროვებული ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, ასევე გაიტესტა შემდგომში, ახალ კორონავირუსზე და 23 თებერვლამდე არც ერთ მათგანში, როდესაც პირველი შემთხვევა დავარეგისტრირეთ საქართველოში, ახალი კორონავირუსი არ დაგვიჭერია. ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმის, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში ახალა კორონავირუსი არ ყოფილა,"-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმ ტექნოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, რამდენად ძველია ანტისხეულები და, შესაბამისად, განისაზღვროს, როდის გადაიტანა ადამიანმა ესა თუ ის დაავადება.
"მე ვფიქრობ, რომ იმუნოლოგიური ტექნოლოგიები შეიძლება ისე დაიხვეწოს, რომ დაინფიცირების ისტორია და არსებობს გარკვეული ექსპერიმენტული კვლევები, რომლითაც შეგიძლია დაადგინო, ვთქვათ, ის ანტისხეულები რამდენად უფრო ძველია. მე ვფიქრობ, რომ ეს კოვიდი იმდენად გლობალური პრობლემაა, რომ არ გამოვრიცხავ, შეიქმნას სწორედ ამის საშუალება, რომ რეტროსპექტულად იყოს შესწავლილი ადამიანებში G ანტისხეულები წარმოშობა დეკემბრის შემდეგ თუ, მანამდე,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ვალიდირებული ტესტები, რომლებიც მიზანშეწონილი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კვლევის ჩატარებისთვის და მოგვცემდა სრულიად სანდო ინფორმაციას გადატანილი ინფექციის არსებობის შესახებ, ნაკლებად ხელმისაწვდომია რადგან, მათი რაოდენობა მცირეა.
თუმცა, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტების რაოდენობა საქართველომაც შეავსოს.