29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ჩინეთი კრიტიკის ეპიცენტრში მოექცა - პანდემია ქვეყნებს შორის ბრალდებების მიზეზი ხდება

უცხოური სპეცსამსახურების მიერ ჩინეთის წინააღმდეგ საბრალდებო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩინეთს ახალი ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმაც წაუყენა.

დაზვერვის 4 გვერდიანი ანგარიში გამოცემა "ასოშიეთიდ პრესმა" მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ ჩინეთმა ეპიდემიის მასშტაბები სამედიცინო აღჭურვილობის მოსამარაგებლად დამალა. დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ჩინეთის ხელისუფლების მოქმედებები სამედიცინო სფეროში, საიდანაც ირკვევა, რომ იანვრის თვეში ოფიციალურმა პეკინმა სამედიცინო ინვენტარზე იმპორტი გაზარდა, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე შეამცირა, რაც დაზვერვის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვარაუდს, რომ ჩინეთი ვირუსის თვისებების შესახებ საკმარის ინფორმაციას ფლობდა, თუმცა არავის უზიარებდა. 

ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვის პარალელურად, ქვეყნები თავად ინფექციის წარმოშობისა და გავრცელების გზებს იკვლევენ. ტრამპის ადმინისტრაციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვირუსი უჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა ვირუსის ადამიანის ხელით შექმნა უარყო, მაიკ პომპეო პრეზიდენტ ტრამპის მსგავსად პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ ამის მტკიცებულება არსებობს.

ჩინეთის პირდაპირ დადანაშაულებას თავს არიდებს კანადა და ამის მიზეზად ჩინეთის წინააღმდეგ არასაკმარის მტკიცებულებებს ასახელებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ნაადრევი დასკვნებისგან თავს იკავებს. კანადის პრემიერის პოზიციას იზიარებს ავსტრალიის სპეცსამსახურიც. თუმცა ამ შემთხვევაში თავშეკავების მიზეზი ნაწილობრივ ცნობილია. უცხოური სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ავსტრალიის მთავრობა ასწავლიდა და აფინასებდა ჩინელი მეცნიერების ჯგუფს, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებულ მომაკვდინებელ კორონავირუსებს იკვლევდა.

ოფიციალური პეკინი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და კვლავინდებურად აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვირუსის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ჰქონდა თუ არა ვაშინგტონს დეტალური ინფორმაცია კორონავირუსის თვისებების შესახებ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არ საუბრობენ.

შტატებს მხოლოდ ჩინური სამთავრობო მედია პასუხობს. საინფორმაციო სააგენტო ჩინჰუამ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური შარჟი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები პანდემიის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ქვეყნის მთვარობამ ვირუსი სერიოზულად არ მიიღო.

პანდემიამ რომ პოლიტიკური დაპირისპირების ხასიათი შეიძინა, ამაზე დღეს პენტაგონში გაკეთებული განცხადებაც მოწმობს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ფიქრობს, რომ ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსს ევროპაში გავლენების მოსაპოვებლად და საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებენ.

 

 

 

 

დღის ამბები